შოთა ოქროპირაშვილი – 71 წლის იუბილე

ტორპედოს ლეგენდარული ფეხბურთელი და ამჟამად კლუბის ტექნიკური დირექტორი შოთა ოქროპირაშვილი დღეს იუბილარია.

ოქრო დღეს 71 წლის გახდა.

მოდი ერთად გავიხსენოთ შოთა. დაწყებული კარიერის საწყისებზე და გაგრძელებული დღევანდელი დღით.

შოთა ოქროპირაშვილი 1950 წლის 13 მაისს, ქუთაისში დაიბადა. ფეხბურთის ვარჯიში 12 წლის ასაკში დაიწყო. კარიერული საწყისებიდან მოყოლებული მას ბევრი მწვრთნელი ჰყავდა მათ შორის კორნელი აბდალაძე, ავთანდილ ახობაძე, გივი ფირცხალავა, ღუტუშა ასათიანი, რომლებმაც მის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

1965 წელს შოთა ქალაქის მოსწავლეთა ნაკრებში აიყვანეს და მალევე საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების წევრიც გახდა. იმედისმომცემი, შრომისმოყვარე ჭაბუკი 1967 წელს ჩაირიცხა საკავშირო უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ქუთაისის „ტორპედოს“ ოსტატ ფეხბურთელთა გუნდის სარეზერვო შემადგენლობაში. უკვე მომდევნო წელს შედგა მისი დებიუტი „ტორპედოს“ ძირითადში, ხოლო 1969 წლის სეზონიდან, 19 წლის ასაკში ის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო.

თავდაპირველად ნახევარმცველი გახლდათ, შემდგომში კი ცენტრალური მცველი.

სსრ კავშირის ჩემპიონატების უმაღლეს და პირველ ლიგაში (1968-1981წლები) შოთა ოქროპირაშვილს ტორპედოელთაგან ყველაზე მეტი – 430 მატჩი აქვს ჩატარებული. გატანილი აქვს 37 ბურთი. 1970 წელს მიწვეული იყო საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში. წლების მანძილზე გახლდათ „ტორპედოს“ კაპიტანი. 1981 წელს თანაგუნდელებთან ერთად იზეიმა საკავშირო პირველი ლიგიდან უმაღლესში აღზევება.

1982 წლის სეზონის სასტარტო მატჩის დაწყებამდე იგი დიდი ფეხბურთიდან გააცილეს.
1987 წლის სეზონში შოთა ოქროპირაშვილი „ტორპედოს“ უფროს მწვრთნელად დანიშნეს, თუმცა ამ თანამდებობაზე მას დიდხანს არ უმუშავია.
ამჟამად ის კლუბში ტექნიკური დირექტორის პოზიციას იკავებს.

,,ტორპედო” ქუთაისი კიდევ ერთხელ ულოცავს ლეგენდარულ ფეხბურთელს დაბადების დღეს!