ტორპედო მომდევნო თამაშს საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ,,ქუთაისის ტორპედო” მატჩს სტუმრად საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს. თამაში თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე 13 საათზე გაიმართება.

აღნიშნულ თამაშამდე ,,ქუთაისის ტორპედო” კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშებაში მე-8 ადგილს 16 ქულით იკავებს, ხოლო მის მეტოქე საბურთალოს მე-5 ადგილი 21 ქულით უკავია.

მსოფლიოში არსებული პანდემიის პირობების გათვალისწინებით, კლუბმა თამაშამდე 48 საათით ადრე კოვიდ ტესტირება ჩაიტარა. პარასკევს 20 ნოემბერს მიღებული პასუხებით გაირკვა, რომ გუნდში არავინ არ არის კოვიდინფექციით დაავადებული.

კლუბი დღეს გაემგზავრა თბილისში, სადაც ისინი ხვალ გასამართი თამაშისთვის მოემზადებიან.

რაც შეეხება ,,ქუთაისის ტორპედოსა” და საბურთალოს დაპირისპირებას:

  • კლუბებს ერთმანეთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ეგიდით 13 შეხვედრა აქვთ ჩატარებული

,,ტორპედო ქუთაისი“ სოლიდარობას უცხადებს ეროვნულ ნაკრებს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.

13 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისთან განვითარებული მოვლენების, შემდეგ გვსურს ჩვენი მხარდაჭერა დავაფიქსიროთ ეროვნული ნაკრებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ. ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ნებისმიერი სპორტული საკითხის, დაპირისპირებით ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გზით მოგვარებას.

,,ტორპედო ქუთაისი“ კიდევ ერთხელ აღიარებს იმ დიდ ძალისხმევას და საქმეს, რასაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია,  მთავრობის მხარდაჭერით, ახორციელებს მომავალი თაობის, საკლუბო ფეხბურთის, მათ შორის ,,ტორპედო ქუთაისის” მხარდაჭერისთვისა და რეგიონალური ფეხბურთის განვითარებისთვის.

სპორტული დისკუსია არ უნდა გადაიზარდოს დაპირისპირებაში, რადგან ფეხბურთი კი არ ყოფს, არამედ აერთიანებს საზოგადოებას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეროვნულ ინტერესებს ეხება. ჩვენ უნდა ვამაყობდეთ ფეხბურთელებითა და მენეჯერებით, ამ უმნიშვნელოვანესი გზის გავლისთვის.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ნამდვილად არ იმსახურებს ამ ფორმით თავდასხმას. ჩვენი ემოციები და გულისტკივილი სჯობს ყოველთვის შემოიფარგლებოდეს კონსტრუქციული კრიტიკით. დარწმუნებულები ვართ, ყველამ ბევრი რამ ვისწავლეთ ამ სამწუხარო მარცხის შემდეგ და გულწრფელად გვჯერა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აუცილებლად მოძებნის სწორ მიმართულებას ჩვენი სათაყვანო ნაკრების წარმატებისთვის.

ტორპედო ქუთაისი ყოველთვის იდგება ფეხბურთის, ერთიანობის მხარეს და გაემიჯნება საზოგადოების რაიმე ფორმით დაპირისპირებას.

სეზონის პირველი 3 ქულა

5 ივლისს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ტორპედომ სტუმრად თბილისში მერანის წინააღმდეგ გამართა.

სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ტორპედოს ამ მატჩში სამი ქულის მოპოვება ძალიან სჭირდებოდა. გასულ სამ ტურში გუნდმა მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და მატჩის წინ გასავარდნ ზონაში იყო. მეტოქეს, თბილისის მერანს, ტურის წინ 3 ქულა ჰქონდა.

სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება შეიტანა. ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში გურამ ადამაძემ. სასტარტო თერთმეტეულში იყო გიორგი ფანცულაიაც, რომელიც წინა ტურში ჩიხურასთან ცვლილებაზე შევიდა და დუბლი გაიფორმა. ტრავმის შემდეგ გუნდს ივან ბობკოც დაუბრუნდა.

ცვლილებებმა გაამართლა. ტორპედო მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და მეტოქის კართან მომენტებსაც ქმნიდა. პირველი გოლი 32-ე წუთზე გავიდა – ზაზა ციცქიშვილის პასის შემდეგ გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა გიორგი ფანცულაიას, თუმცა ეს უკანასკნელი საჯარიმოში წააქციეს. მსაჯი პენალტის დანიშვნას აპირებდა, მაგრამ მომენტის დასრულებას დაელოდა, ვინაიდან ბურთი ივან ბობკოს მიუვიდა – უკრაინელის დარტყმა ზუსტი გამოდგა.

ტორპედო ამაზე არ გაჩერებულა და შეტევები განაგრძო. მე-60 წუთზე ზაზა ციცქიშვილის შესანიშნავი პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გიორგი ფანცულაია გავიდა – ამჯერად მას ხელი ვერავინ შეუშალა, 2:0!

ამ გამარჯვებით ტორპედოს 4 ქულა დაუგროვდა და ახლა ცხრილში მე-7 ადგილზეა. მომდევნო ტურის მატჩს ჩვენი გუნდი 12 ივლისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩემპიონატის ლიდერ თბილისის დინამოსთან გამართავს.

შემადგენლობა მერანთან: ბულისკერია, ადამაძე, კასრაძე, ტაბატაძე (გრიგალაშვილი, 62), ნადარაია, ძარია, ჯანელიძე, ივანიშვილი (მირცხულავა, 81), ბობკო (შარვაშიძე, 67), ციცქიშვილი, ფანცულაია.

ტორპედომ კორონავირუსზე პირველადი ტესტირება ჩაიტარა

6 ივნისს ტორპედოს სამწვრთნელ ბაზაზე კლუბის ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და პერსონალს კორონავირუსზე პირველადი ტესტირება ჩაუტარდათ.   გუნდს ტესტირება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და დაფინანსებით ჩაუტარდა. ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გუნდი ტესტირებას კიდევ ერთხელ გაივლის. საქართველოს ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ 25 ივნისს განახლდება. ტორპედო 28 ივნისს მესამე ტურის მატჩში ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საჩხერის ჩიხურას უმასპინძლებს. მატჩი ამ ეტაპზე გულშემატკივრის გარეშე გაიმართება.