,,იქეთ ეშინოდეთ გუნდებს” – მიხეილ აშვეთიას ვრცელი ინტერვიუ გაგრასთან გასამართ ორმატჩიან დაპირისპირებაზე

სამშაბათს, 15 დეკემბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პლეი-ოფის მატჩი გაიმართება, სადაც ,,ტორპედო” ქუთაისი, ორმატჩიანი დუელის პირველ შეხვედრას გაგრას წინააღმდეგ, თბილისში ტექნიკურ ცენტრ ,,ბასაზე”, 13:30 დაიწყება.

 

აღნიშნული დაპირისპირება ტორპედოსთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან გუნდი ცდილობს უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. გამომდინარე აქედან ინტერესი ძალზედ დიდია, როგორც ფანებიდან, ისე უბრალო ფეხბურთის მოყვარულებიდანაც, ამიტომ გთავაზობთ ინტერვიუს, მთავარი მწვრთნელის ასისტენტ, მიხეილ აშვეთიასთან.

 

რას იტყვით აღნიშნულ პლეი-ოფის მატჩზე?

ნამდვილად საპასუხისმგებლო თამაშია, რომელიც უმაღლეს ლიგაში დარჩენა-არდარჩენის საკითხს ეხება. ყველა ვემზადებით სერიოზულად. განწყობაც ისეთი გვაქვს, რომ აუცილებლად კარგ შედეგს დავდებთ. საჭიროა დავივიწყოთ რაც აქამდე მოხდა, რადგან არავის აინტერესებს. რეალობა ის არის, რომ ჩვენ პლეი-ოფში ვთამაშობთ, ამიტომ ყველაზე დაძაბული და მნიშვნელოვანი თამაში იქნება ჩვენი გუნდისთვის. დარწმუნებული ვარ ყველა ელის, როგორც ჩვენი ბიჭები, ისე სამწვრთნელო შტაბი და გულშემატკივრებიც, რომ ტორპედო შეინარჩუნებს ადგილს უმაღლეს ლიგაში და მსგავსი შემთხვევა აღარ უნდა განიხილებოდეს სამომავლოდ, ტორპედოს ადგილი უმაღლეს ლიგაშია!

რას ეტყოდით ფანებს?

ფანებს მოვუწოდებ, რომ ბიჭებს გვერდით დაუდგან, მათ რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს. ძალიან ბევრი რამ მოხდა გუნდში და ახლა მხარდაჭერა, გამხნევება სჭირდებათ ჩვენს ფეხბურთელებს. ერთად დგომით კარგ შედეგს ვაჩვენებთ, დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ყველაფერი.

გუნდში რა სიტუაციაა?

გუნდმა ბევრი რამ გამოიარა, იყო არეულობა, აგრეთვე პანდემია, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა იქონია ქუთაისის ,,ტორპედოზე”. თითქმის ყველამ მოიხადა კოვიდი, გამომდინარე აქედან, რთული პერიოდი დადგა და თამაშებში ჩავარდნებიც დაიწყო. არ იფიქროთ, რომ თავს ვიმართლებ, მაგრამ  ძალიან რთულია, როდესაც ნახევარზე მეტი მოთამაშე კორონავირუსით დაავადებულია და გუნდს ვერ ეხმარება. ხოლო როდესაც მოიხადეს ვირუსი, იმწამსვე თამაში მოუწიათ. ისინიც ადამიანები, სპორცმენები არიან და თავიანთი ჯანმრთელობის ფასად გამოვიდნენ და მეორე-მესამე დღეს სრული მომზადების გარეშე ითამაშეს. ამიტომ იმ ჩავარდნის ერთ-ერთი მიზეზი ეს არის.

საქართველოს თასის მოქმედი ჩემპიონი გაგრა? რას ფიქრობთ ამ გუნდზე?

ნამდვილად, ჩვენი მეტოქე საქართველოს თასის მოქმედი ჩემპიონია. გაგრა დაარსების დღიდან მებრძოლი გუნდია და უბრძოლველად არაფერს არ დათმობს, მაგრამ ქუთაისის ტორპედო, ქუთაისის ტორპედოა და არავისი  ეშინია, იქეთ ეშინოდეს გუნდებს! ბიჭები მობილიზებულები არიან საბრძოლველად, თელავშიც დაამტკიცეს თავისი ბრძოლისუნარიანობა, გამომდინარე აქედან, ორმაგად და სამმაგად მეტი მოტივაციაა გუნდში. ეს ორ რაუნდიანი დაპირისპირებაა, ამიტომ ხარისხი იმდენად არ არის მნიშვნელოვანი, მთავარი მხოლოდ შედეგია!

 

 


ისტორია

,,ტორპედო” ქუთაისი გაგრას ბოლოს 2019 წლის 19 ივნისს, საქართველოს თასის 1/8 ფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდა, სადაც ქუთაისლებმა 2:3 დაამარცხეს მეტოქე. გოლები ტორპედოდან: თორნიკე კაპანაძე :41, გრიგოლ დოლიძე :60, ნოდარ ქავთარაძე :83. გოლები გაგრადან: ზვიად მეტრეველი :63, თენგიზ ბრეგვაძე :90+1.