,,ტორპედო ქუთაისი“ სოლიდარობას უცხადებს ეროვნულ ნაკრებს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.

Nov 14, 2020 | Team Events

13 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისთან განვითარებული მოვლენების, შემდეგ გვსურს ჩვენი მხარდაჭერა დავაფიქსიროთ ეროვნული ნაკრებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ. ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ნებისმიერი სპორტული საკითხის, დაპირისპირებით ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გზით მოგვარებას.

,,ტორპედო ქუთაისი“ კიდევ ერთხელ აღიარებს იმ დიდ ძალისხმევას და საქმეს, რასაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია,  მთავრობის მხარდაჭერით, ახორციელებს მომავალი თაობის, საკლუბო ფეხბურთის, მათ შორის ,,ტორპედო ქუთაისის” მხარდაჭერისთვისა და რეგიონალური ფეხბურთის განვითარებისთვის.

სპორტული დისკუსია არ უნდა გადაიზარდოს დაპირისპირებაში, რადგან ფეხბურთი კი არ ყოფს, არამედ აერთიანებს საზოგადოებას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეროვნულ ინტერესებს ეხება. ჩვენ უნდა ვამაყობდეთ ფეხბურთელებითა და მენეჯერებით, ამ უმნიშვნელოვანესი გზის გავლისთვის.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ნამდვილად არ იმსახურებს ამ ფორმით თავდასხმას. ჩვენი ემოციები და გულისტკივილი სჯობს ყოველთვის შემოიფარგლებოდეს კონსტრუქციული კრიტიკით. დარწმუნებულები ვართ, ყველამ ბევრი რამ ვისწავლეთ ამ სამწუხარო მარცხის შემდეგ და გულწრფელად გვჯერა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აუცილებლად მოძებნის სწორ მიმართულებას ჩვენი სათაყვანო ნაკრების წარმატებისთვის.

ტორპედო ქუთაისი ყოველთვის იდგება ფეხბურთის, ერთიანობის მხარეს და გაემიჯნება საზოგადოების რაიმე ფორმით დაპირისპირებას.